საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორამციით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.
საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, სალომე შაფაქიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას. ვიზიტი ასევე დროულია, ევროინტეგრაციულ კონტექსტშიც.
,,წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ, ნატოს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში, მიმდინარე წლის 11-12 მაისს გაიმართება", - აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ალექსანდრე ელისაშვილიდა თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.