უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას კიევისთვის 15.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცებისთვის.
„მადლობას ვიხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კრისტალინა გეორგიევას უკრაინისთვის ახალი ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცებისთვის, რომლის ღირებულება, საერთო ჯამში 15.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც 115 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის მთავარი მიზანია უკრაინაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უკრაინას ომისშემდგომ პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება.