რეალობა თუ ბოლო ხანებში ცოტათი მოსაწყენი გეჩვენებათ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ მალე უეს ანდერსონის ჯადოსნურ სამყაროში დავბრუნდებით. რეჟისორის მორიგ ნამუშევარს, სახელწოდებით Asteroid City, მიმდინარე წელს ვიხილავთ. ფილმში ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც ტომ ჰენკსი, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუინტონი და მარგო რობი არიან.
სანამ ზაფხული მოვიდოდეს და ფილმის შეფასებას შევძლებდეთ, უკვე შეგვიძლია ვნახოთ ტრეილერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
Asteroid City-ში, რომელიც ანდერსონისთვის დამახასიათებელი სიმეტრიული კადრებითა და ფერადოვნებით გამოირჩევა, მოქმედება გასული საუკუნის 50-იან წლებში, აშშ-ის გამოგონილ ქალაქში ვითარდება. ასტრონომიით გატაცებული ახალგაზრდების შეკრებაზე, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართულ ბავშვებსა და მშობლებს აერთიანებს, ხმა ვრცელდება, სულ მალე გაუგონარი გლობალური ამბის მომსწრენი გავხდებითო.
ანდერსონის უახლესი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება მაისის თვეში. ივნისიდან კი ფილმს უკვე მაყურებელთა ფართო წრეც იხილავს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უეს ანდერსონის კიდევ ერთი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი — The Wonderful Story of Henry Sugar, რომელიც როალდ დალის ნაწარმოებს ეფუძნება, შემოდგომაზე გამოვა.