ტაბუდადებული თემები, ქარიზმატული პერსონაჟები და ცნობილი მსახიობების უჩვეულო როლები, გულისამაჩუყებელი სენტიმენტალიზმი, მოულოდნელი სცენები და მკვეთრი, კაშკაშა ფერები - სწორედ ამგვარი ასოციაციები ჩნდება სკანდალური, თუმცა ყოველთვის გენიალური პედრო ალმოდოვარის ფილმების შეფასებისას.
კინოკარიერა ალმოდოვარმა პოსტფრანკისტულ ესპანეთში დაიწყო, რომელიც ცოტა ხნით ადრე გათავისუფლდა ძალადობრივი რეჟიმისა და დესპოტური ცენზურისგან. ახალგაზრდა რეჟისორმა სრულად ისარგებლა ახლად მოპოვებული თავისუფლებით და საკუთარი შემოქმედება ქალის ხასიათის, მისი მრავალსახოვნების კვლევაზე ააგო. მართალია, ფილმებში ალმოდოვარი ყოველთვის მოურიდებლად განიხილავს პურიტანულ საზოგადოებაში აკრძალულ თემებს, მაგრამ აუცილებლად ირონიანარევი იუმორით და სწორედ ირონიულმა ქვეტექსტმა განსაზღვრა მისი ნამუშევრების ორიგინალურობა იმ პერიოდში შექმნილი სხვა ფილმების ფონზე.
„არ შემიძლია მხოლოდ ერთ ჟანრში მუშაობა, ჩემს ფილმებში კომედია ყოველთვის ტრაგიკულია და პირიქით, რადგან წარმოუდგენელია ერთი მეორეს გარეშე“- აღნიშნა რეჟისორმა, რომლის ეკლექტური გემოვნების კინოში გადატანა ნამდვილ შემოქმედებით წარმატებად იქცა. ალმოდოვარის ფილმებში სრულადაა წაშლილი ზღვარი, ამიტომ სიუჟეტი ყოველთვის უჩვეულოდ, ხშირად მოულოდნელად ვითარდება.
კომიკურისა და ტრაგიკულის შერწყმით ხასიათდება რეჟისორის მთელი შემოქმედება - ადრეული სასიყვარულო ისტორიებით დაწყებული, შედარებით გვიანდელი ფილმებით დასრულებული, რომლებშიც სულ უფრო ჭარბობს მისტიკის, ტრილერისა და ჰორორის ელემენტები. ალმოდოვარს ყოველთვის სხვებზე უკეთ გამოსდიოდა რომანტიკისა და ინტრიგის შერწყმა, რაც ბრწყინვალედ გამოვლინდა ემოციურ რომანტიკულ ტრილერში „შეწყვეტილი ამბორი“ და დეტექტიურ მელოდრამაში „დაბრუნება“.
„ქალების მონაწილეობით ჩემი ფილმები უფრო მდიდრული და საინტერესო გამოდის“, - შენიშნა ალმოდოვარმა, რომლის ისტორიების მთავარი გმირები მეტწილად მართლაც ქალები არიან, თუმცა რეჟისორი არასდროს იფარგლება ზედაპირული თხრობით და ყოველთვის დეტალურად უხსნის მაყურებელს საკუთარი გმირების მოტივაციას ნებისმიერ სიტუაციაში.
პენელოპა კრუსის განცხადებით, ალმოდოვარს ბრწყინვალედ ესმის ქალის და კარგად იცნობს მის სამყაროს, ამიტომ ნებისმიერი მსახიობი კომფორტულად გრძნობს მასთან თავს და სიამოვნებით მუშაობს. მსგავსი გამოცდილება რეჟისორმა ბავშვობაში შეიძინა, რადგან საოცრად ძლიერი ქალების გარემოში გაიზარდა, თუმცა კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ „ყოვლისშემძლე“ ქალბატონების ფონზე მამაკაცი პერსონაჟები საოცრად უსუსურ, ზოგჯერ ბრიყვულ შთაბეჭდილებას ტოვებენ.
რა თქმა უნდა, ალმოდოვარის სპეციფიური სტილი ბევრისთვის ვულგარული და გამაღიზიანებელია, თუმცა შეუძლებელია უარყოფა, რომ რეჟისორი ბრწყინვალედ ერკვევა დეტალებში, ჭარბად იყენებს ფერებს, კიტჩის ელემენტებს და იდეალურად მანიპულირებს გაზვიადებული ვიზუალური ეფექტებით ნარატივის შესავსებად. ალმოდოვარის საყვარელ ფერად წითელი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთის მხრივ, ყველაფერ ესპანურთან ასოცირდება, მეორეს მხრივ კი, მაყურებლის ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე. წითელი ფერის საუკეთესო დემონსტრირებაა ფილმი „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, სადაც წითელი - ძლიერი და თამამი ქალების სიმბოლოა, რომელთაც მძიმე ცხოვრების და ყოველდღიური უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც შეძლეს უანგარო სიყვარულის და გულწრფელი სიხარულის უნარის შენარჩუნება.
შემოქმედებითი, ინდივიდუალური და სექსუალური თავისუფლება სოციალური პირობითობისა და ნორმად ქცეული სტერეოტიპების ეჭვქვეშ დაყენებით, ალმოდოვარის პირველსავე ფილმში „პეპი, ლუსი, ბომი და სხები“ გამოვლინდა 1980 წელს. რეჟისორის თვითმყოფადი შემოქმედების კიდევ ერთ აუცილებელ ატრიბუტად იქცა იუმორი, რომელიც ხშირად სრულიად მოულოდნელ, აბსურდულ ან ტრაგიკულ სიტუაციაში ვლინდება და ხაზს უსვამს პერსონაჟების ექსცენტრიულობას.
1988 წელს დადგმული კომედია რადიკალურად განსხვავდება ალმოდოვარის დღევანდელი ნამუშევრებისგან, რადგან მანამდე რეჟისორი მეტწილად ბურლესკისა და კიჩის ზღვარზე ბალანსირებდა მყვირალა, ზედმეტად კაშკაშა ფერების გამოყენებით და შეგნებულად ამსგავსებდა სერიოზულ სიუჟეტებს უხარისხო „საპნის ოპერებს“. თუმცა, ადრეულ ნამუშევრებსაც თავისი ხიბლი აქვთ, მით უფრო, რომ სწორედ მათი წყალობით მოიპოვა ალმოდოვარმა აღიარება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მთავარ ფილმად და მთელი შემოქმედების ერთგვარ ანარეკლად ქცეულ „ნერვიულ აშლილობაში“ გამოიკვეთა ალმოდოვარის საყვარელი ფეტიშები - კაშკაშა ფერები და ფეთქებადი ემოციები, ინტრიგები და ორიგინალური პერსონაჟები, რაც მომდევნო ნამუშევრებში შეივსო და დაიხვეწა. კომედია, რომელსაც კრიტიკოსებმა იმედგაცრუებასა და განშორებაზე შექმნილი ყველაზე კათარზული ფილმი უწოდეს, გოიას ხუთი პრემიით აღინიშნა და ქალისთვის დამახასიათებელი უკიდურესობების, მისი სულიერი სამყაროს ერთგვარ გზამკვლევად იქცა.
მელოდრამამ, რომელიც „ბეტ დევისს, ჯინა როულინგს და რომი შნაიდერს, ყველა მსახიობს და ყველა ქალს მიეძღვნა, ვინც დედობას ნატრობს, დამსახურებულად მიიღო „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „სეზარისა“ და BAFTA-ს პრემიები საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, თავად ალმოდოვარი კი, კანის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის.
„ყველაფერი „დედაჩემის შესახებ“ - ერთის მხრივ, სერიოზული დრამაა შვილის დაკარგვით გამოწვეული დედის ტკივილზე, თუმცა მეორეს მხრივ, მოწოდებაა თავისუფლებისა და სტერეოტიპების ნგრევისკენ, რადგან რეჟისორი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერს აქვს პირობითობისა და თავსმოხევული კლიშეების გარეშე სიყვარულის უფლება განურჩევლად სქესისა და ცხოვრების წესისა.
დრამა „ესაუბრე მას“, რომელმაც უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, პრესის შეფასებით ალმოდოვარის ყველაზე ემოციონალური და ინტელექტუალური ნამუშევარია. ფილმის გადაღება რეჟისორს რეალურმა ამბავმა შთააგონა, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, თუმცა ნატურალიზმი ალმოდოვარმა მისთვის ჩვეული თხრობის მანერით და დრამატურგიით შეარბილა, ორიგინალური ვიზუალური დეტალებით შეავსო და ერთგვარი იგავის ფორმა შესძინა. დრამა, რომელმაც 51 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში „ოქროს გლობუსით“ აღინიშნა საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში, ალმოდოვარმა კი, საუკეთესო სცენარისთვის მიიღო „ოსკარი“.
მშობლიურ ლა-მანჩაში გადაღებულ „დაბრუნებაში“ რეჟისორმა სამი თაობის ესპანელი ქალების ისტორიის ფონზე ისაუბრა „სუსტი სქესის“ წარმომადგენელთა გამძლეობასა და გამბედაობაზე, რომლებიც იმ სამყაროში ცდილობენ გადარჩენას, სადაც მამაკაცები დომინირებენ.
ალმოდოვარმა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მისთვის ჩვეული სიმსუბუქით განიხილა მკვლელობის და ძალადობის, სიღატაკის და სიბერის, ნამდვილი სიყვარულისა და ახლობლების ნებისმიერ ფასად გადარჩენის თემები და სერიოზული, მეტწილად მტკივნეული საკითხების წინა პლანზე წამოწევის მიუხედავად, მაინც საოცრად ემოციური ფილმი შექმნა, რომელიც ცრემლებთან ერთად სიცილსაც იწვევს. აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალზე არა მხოლოდ სცენარი აღინიშნა პრემიით, არამედ ფილმში მონაწილე ექვსივე ქალბატონი დაჯილდოვდა პრიზით.
ტიერი ჟონკეს მოთხრობის მიხედვით დადგმული ფსიქოლოგიური ტრილერი პლასტიკურ ქირურგზე რობერტ ლედგარდზე მოუთხრობს მაყურებელს, რომელმაც თითქოს ადამიანის ხელოვნური კანის შექმნის საიდუმლო აღმოაჩინა. მართალია, ლედგარდი თავგამოდებით არწმუნებს კოლეგებს რომ ცდებს თაგვებზე ატარებს, მაგრამ სინამდვილეში ექსპერიმენტის ობიექტად ახალგაზრდა ქალი აქცია, რომელიც დაატყვევა და საკუთარ სახლში გამოამწყვდია.
შეშლილი ქირურგის ისტორიაში, რომელსაც შურისძიების წყურვილმა დაუბინდა გონება, ალმოდოვარმა პირველ რიგში ანტონიო ბანდერასის წყალობით შეძლო ინტრიგისა და ემოციური დაძაბულობის შენარჩუნება. სხვათა შორის, სწორედ ალმოდოვარის ფილმებით დაიწყო ბანდერასმა საკუთარი კარიერა, წარმატების მოპოვების შემდეგ კი, ჰოლივუდში გადაბარგდა და მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა საყვარელ მასწავლებელს.
საკუთარი იდეით შეპყრობილი მეცნიერის მანიაკალურ სურვილებს რეჟისორი შოკისმომგვრელი სცენებითა და მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით ასახავს. მართალია, ალმოდოვარმა უარი თქვა წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებასა და ჩვეულ სენტიმენტალიზმზე, მაგრამ არც ახალ - კლასიკური ჰორორის ჟანრს შეუშინდა და თამამად შეუდგა ფილოსოფიურ მსჯელობას კეთილისა და ბოროტის, სიყვარულისა და სიძულვილის მარადიულ ბრძოლაზე. რეჟისორმა, რომლის ხელწერა პირველსავე კადრებიდან ამოიცნობა, ყველა გააოცა საკუთარი ნოვატორობით, ორიგინალურობით და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ნახევრად ავტობიოგრაფიულ დრამაში ალმოდოვარმა ისევ ანტონიო ბანდერასს ჩააბარა რეჟისორის როლი, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის და კარიერის დასრულების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი ტკივილით იხსენებს საკუთარ ცხოვრებას - ბავშვობას და ვერ შემდგარ ურთიერთობას ყოფილ საყვარლებთან.
მეტად ემოციური „ტკივილი და დიდება“ ალმოდოვარის საუკეთესო ნამუშევარია ბოლო 15 წლის მანძილზე. მართალია, რეჟისორმა ტრადიციული მოტივები შეინარჩუნა, მაგრამ მრავალფეროვანი მუსიკალური ფონისა და თავისივე ფილმებიდან ნასესხები ციტატების წყალობით გაუსვა ხაზი ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს და საოცრად პირადი ფილმი შექმნა.
დრამა კოვიდ-პანდემიის დროს დაიდგა. ალმოდოვარი თავად ემსხვერპლა ვირუსს, ამიტომ ფილმის გადაღება დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და პრემიერაც პანდემიის ფონზე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.
ჟან კოქტოს ამავე სახელწოდების პიესა მანამდეც მრავალჯერ იქნა ეკრანიზებული სოფი ლორენის, ინგრიდ ბერგმანის და ლივ ულმანის მონაწილეობით, ალმოდოვარი კი, 1987 წელს დაინტერესდა მისით, როცა ერთ-ერთი ვერსიის მცირე ეპიზოდი გამოიყენა საკუთარ ფილმში „სურვილის კანონში“.
„ადამიანის ხმა“ გარკვეულწილად ალმოდოვარის დებიუტადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან რეჟისორმა პირველად დადგა ინგლისურენოვანი, მით უფრო მონო-ფილმი და პირველად შესთავაზა თანამშრომლობა ბრიტანელ მსახიობს ტილდა სუინტონს. ფილმს, რომელიც მხოლოდ 30 წუთს გრძელდება, „მიტოვებული ქალის“ ბანალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელიც საშინლად განიცდის საყვარელი მამაკაცის გაუჩინარებას.
მოკლემეტრაჟიანი ფორმატის მიუხედავად, ალმოდოვარმა მაინც ბრწყინვალედ გადმოსცა ემოციების მთელი სპექტრი - დაძაბული მოლოდინით, სიხარულით და იმედით დაწყებული, რისხვით, სასოწარკვეთითა და მუდარით დასრულებული. სიყვარული და სრული უსუსურობა, დაბნეულობა და საბოლოოდ მტანჯველი გრძნობისგან გათავისუფლება ალმოდოვარმა არაჩვეულებრივი ინტერიერის, მუსიკის ფონზე ასახა და საოცრად ლამაზი ფილმი შექმნა, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მცირე ქრონომეტრაჟითაც შეიძლება სათქმელის თქმა და ჩანაფიქრის სრულად განხორციელება.