საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში ეტაპობრივი დაბრუნების შესახებ რეკომენდაციები გასცა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, თომას ბახის თქმით, ღონისძიებების ორგანიზატორებისა და სპორტული ფედერაციებისთვის გაცემული რეკომენდაციები მოიცავს იმას, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე ასპარეზობის უფლება აქვთ.
მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გუნდურ შეჯიბრებებში, ხოლო სპორტსმენებს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს ან დაკავშირებული არიან თავიანთი ქვეყნის სამხედრო ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან, ასპარეზობის უფლება არ აქვთ.
რეკომენდაციებმა იმ ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან. პროტესტი გამოხატა რუსეთმაც, რომლის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, სტანისლავ პოზდნიაკოვმა აღნიშნულ რეკომენდაციებს "აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა.
თომას ბახმა ხაზი გაუსვა, რომ „სპორტულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა, გადაწყვიტონ რომელ სპორტსმენებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრებებში მათი სპორტული დამსახურების მიხედვით და არა პოლიტიკური ნიშნით ან პასპორტების გამო“.