104 წლის ბრიტანელი ქალი იმ სახლს ყიდის, რომელშიც 102 წელი იცხოვრა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ნენსი გიფორდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ 104-ე დაბადების დღე აღნიშნა, სახლს ყიდის. ნენსი 102 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. მისი თქმით, სახლთან ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს, თუმცა ახლა დროა, რომ ის სხვა ოჯახს დაუთმოს.
ნენსის მშობლებმა სახლი 1882 წელს 200 გირვანქა სტერლინგად შეიძინეს, ახლა კი ის დაახლოებით 170 ათას გირვანქა სტერლინგად იყიდება. 104 წლის ქალის თქმით, სახლში ყველაფერია რაც ოჯახს სჭირდება, მათ შორის 3 საძინებელი ოთახი და ახალგარემონტებული სამზარეულო და აბაზანა.
„როცა ბავშვი ვიყავი, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და კარს არასდროს ვკეტავდით, სულ ღია იყო. მართალია, მაშინ ყველა ღარიბები ვიყავით, თუმცა ძალიან ბედნიერები", - იხსენებს 104 წლის ქალი. ნენსი დაქორწინების შემდეგაც მშობლების სახლში ცხოვრობდა და იქ 2 შვილი გაზარდა, რომლებიც ახლა იმავე ქუჩაზე, სხვა სახლებში ცხოვრობენ.
ნენსის სახლის გაყიდვა ჯანმრთელობის პრობლემებმა აიძულა. რადგან ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, ნენსი ახლომდებარე მოხუცთა პანსიონატში გადავიდა საცხოვრებლად. ნენსი მშობლიურ სახლში დროს თითქმის აღარ ატარებს, ამიტომ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.