ისრაელის უდიდესი პორტის, ჰაიფას პორტის თანამშრომლები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. მთავრობის მეთაურს პროცესების შეჩერებისკენ მოუწოდა ისრაელის ყველაზე დიდი პროფკავშირების ხელმძღვანელმა და სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დააანონსა.
ისრაელის პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ახალ საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის თქმით, ქვეყნის მოსახლეობასა და ეკიონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება რის გამოც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი.
ქალაქების ქუჩებში გასულ ღამეს, ათიათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი გალანტი, მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებით გამოირჩეოდა და საკუთარ უკმაყოფილებას არ ფარავდა. მისი გათავისუფლების გასაპროტესტებლად მოქალაქეები, იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად შეიკრიბნენ, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.