მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა 1-ელი ივლისისთვის დასრულდება. მისი მტკიცებით, იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვს თავის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას. ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დანიელ ჰოგსტა აცხადებს, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება.