ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. შეხვედრის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური არხების მეშვეობით „პირდაპირ შევატყობინე, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი მსურს”.
გამოცემის თქმით, ზელენსკიმ პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისთვის შუამავლობისა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის თხოვნით მიმართა. ამავდროულად, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოხატა ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ ადგილზე “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” უნდა იყოს.