მძიმე საყურებელია ის, რომ ხელისუფლებას მუდმივად ელანდება გადატრიალება, შეთქმულება, მტრები საკუთარ მოქალაქეებში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელიც ასეთ შიშებში ცხოვრობს და შიშის პრიზმიდან უყურებს ყველას და ყველაფერს, თვითონ ხალხისთვის ხდება საშიში.
„ფაქტის დონეზე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებებს, რომლებიც არიან დემოკრატიული თავისი ბუნებით და რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ასეთი მოლანდებები მათ არ აწუხებთ. თქვენ ვერ ნახავთ დემოკრატიად აღიარებულ პრეზიდენტს, პრემიერს ან პარლამენტის თავმჯდომარეს რომელიმე ქვეყნიდან მსოფლიოში, რომელსაც ყველა მოსახვევში ელანდება გადატრიალება და შეთქმულება, ეს არის უკვე ბოდვითი აშლილობა, რომლითაც შეპყრობილია ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც ასეთ შიშებში ცხოვრობს და შიშს პრიზმიდან უყურებს ყველას და ყველაფერს, თვითონ ხალხისთვის ხდება საშიში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა,.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარტივად შეიძლება რაღაც კონსპირაციული თეორიებით „ააგდო“.
„ყველაფერთან ერთად პრობლემაა, როდესაც რაღაც სტატუსს მიიღებენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ განათლება, ეს უნდა ვთქვათ ღიად. ეს კაცი იმასაც ამბობდა, უძლეველი რუსული არმიაო და ვხედავთ ახლა რამხელა ტყუილს ამბობდა. ჩარჩენილია წარსულში. დღეს იძახდა არავინ იცის მსოფლიოში რით დამთავრდება ეს ომიო, მას ნამდვილად არ ეცოდინება იმიტომ, რომ ეგ ის კაცია, რომელსაც საახალწლო მოსალოცები ჰქონდა დაბეჭდილი, რადგან თვითონაც არ იცოდა, რომ 2 დღეში სკამიდან ასვამდენენ და გადასვამდნენ. მან საკუთარი ბედი არ იცის, როდის რას უბრძანებენ და უკრაინის საკითხები რა თქმა უნდა, არ ეცოდინება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.