იცით თუ არა, რომ ჩვენი პლანეტა სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში მზისგან იმაზე მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე კაცობრიობა წელიწადში ხარჯავს და ერთი დღის განმავლობაში მიღებული მზის ენერგიის მოცულობა ათიათასჯერ აღემატება შეშის, ნახშირის, ნავთობის და გაზის ფორმით მოხმარებულ ენერგიას?!
ბუნებრივია, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს, უფასო და ეკოლოგიურად სუფთა ენერგია გამოიყენოს - მზის სხივი არ საჭიროებს მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, ის უწონო, უხმაურო და უვნებელია, ხოლო მისი უტილიზაცია არ წარმოქმნის ნარჩენებს და არ არღვევს პლანეტის თბურ წონასწორობას.
მზის სითბო ზამთარშიც კი სრულიად საკმარისია ცხელი წყლის მისაღებად, ამიტომ ამ რესურსის გამოყენება საჭირო და აუცილებელია. სწორედ ამ ამ მიმართულებით ვითარდება საუდის არაბეთი, რომელმაც მზის ენერგიის მაქსიმალური გამოყენება გადაწყვიტა.
რამდენიმე წლის წინ დუბაის მმართველმა სუფთა ენერგიაზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თითქმის იმავდროულად გაჩნდა მზის პირველი ელექტროსადგურის ამოქმედების იდეა. საწარმო, სახელად „მზის პარკი“ (Solar Park) დუბაიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს და 77 კვადრატულ კილომეტრზეა გადაშლილი.
პროექტის საშუალებით ელექტროენერგიის ღირებულება, დაახლოებით, 50%-ით შემცირდა, რამაც მსოფლიო მედიაში ნამდვილი სენსაცია მოახდინა. მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური ყოველწლიურად 6.5 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის შესამცირებლად შეიქმნა. მისი მეშვეობით 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება.
სანამ დუბაი მზის ენერგიას ავითარებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ძირითადი ნაწილი ჯერჯერობით ისევ ტრადიციულ ენერგორესურსებს მოიხმარს - 2019 წლამდე დუბაის თითქმის 100 პროცენტით ბუნებრივ აირზე იყო დამოკიდებული, თუმცა ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. 2019 წელს დუბაის მთლიანი ენერგომომარაგების სამი პროცენტი უკვე მზის ელექტროსადგურზე მოდიოდა.
დუბაის აეროპორტის ორი ტერმინალის სახურავზე 15 ათასი ბატარეა განთავსდა, რომლებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მზის ბატარეები 7.5 მლრდ კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც 1 მლნ დოლარის დაზოგვის და 3 ათასი ტონით ნაკლები ნახშიროჟანგის გამოყოფის საშუალებას იძლევა.
გეგმის თანახმად, 2050 წლისთვის დუბაი ენერგიის 100%-ის მიღებას სუფთა წყაროებიდან გეგმავს, რაც ქვეყნის ბიუჯეტზეც და ადამიანების ჯანმრთელობაზეც სასიკეთოდ ისახება.