კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დნმ-ი გაშიფრეს, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი ზუსტად ვერ დაადგინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ბეთჰოვენის თმა შეისწავლეს, რომელიც კერძო კოლექციებში ინახება და გენომის სეკვენირებაზე დაყრდნობით დაადგინეს რა დაავადებები ჰქონდა ლეგენდარულ კომპოზიტორს.
ბეთჰოვენი 1770 წელს, ბონში დაიბადა. 48 წლის ასაკში მან სმენა დაკარგა, თუმცა მუსიკას კვლავ წერდა. კომპოზიტორი ვენაში, 56 წლისა გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზი ყოველთვის კამათს იწვევდა. ვერც კემბრიჯის მეცნიერებმა დაადგინეს ზუსტად რამ გამოიწვია კომპოზიტორის გარდაცვალება. თუმცა მათ აღმოაჩინეს, რომ ბეთჰოვენს ღვიძლის დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა, სიცოცხლის ბოლოს კი კომპოზიტორი ჰეპატიტ B-თი იყო ინფიცირებული.
ამასთან, მეცნიერებმა კომპოზიტორის ჩანაწერები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ სიცოცხლის ბოლო 10 წლის განმავლობაში ის რეგულარულად მოიხმარდა ალკოჰოლს, თუმცა უცნობია რა მოცულობით. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ საუბარია ალკოჰოლის დოზებზე, რომლებიც დღეს ღვიძლისთვის მავნებლად იქნება. ბეთჰოვენის გენეტიკური მიდრეკილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამას ციროზი გამოეწვია და კომპოზიტორის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს დაავადება გახდა.