ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმდებარედ არსებულ მტვრის ღრუბლებში რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირა, რომლებიც სიცოცხლის ერთგვარ "საშენ მასალად" მიიჩნევა.
RIKEN-ის კვლევის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მიერ გასულ წელს მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. მათ ახლად ფორმირებული მნათობის ირგვლივ თავმოყრილი აირის, ყინულისა და მტვრის ნაწილაკების შესწავლა სურდათ, რისთვისაც მიზანში პროტოვარსკვლავი, სახელად IRAS 15398−3359 ამოიღეს, რომელსაც ტელესკოპი შუა ინფრაწითელი სპექტრის კამერით აკვირდებოდა.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ რთული ორგანული მოლეკულები დიდი მასის მქონე ბირთვებში გვხვდებოდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი, პროტოვარსკვლავების არც ისე მასიური ბირთვების აირად ფაზაშიც აღმოაჩინეს. ეს მიანიშნებს, რომ მსგავს ობიექტებში მასშტაბური ქიმიური ევოლუცია მიმდინარეობს.
მეცნიერთა დაკვირვებების თანახმად, ამგვარი პროცესების შედეგად სიცოცხლის მარტივი "საშენი მასალა" რთულ ორგანულ მოლეკულებად გარდაიქმნება. ეს ყინულოვანი ფრაგმენტების ზედაპირზე ხდება და როცა მნათობი მათ ათბობს, მოლეკულები გარემომცველ აირში ინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ IRAS 15398−3359-სა და მის მიმდებარედ არსებულ ორგანულ მოლეკულებს სპეციალისტები აქამდეც დაჰკვირვებიან, თუმცა ვების ტელესკოპის დახმარებით ახლა ბევრად დეტალური მონაცემები გვაქვს. იქ წყლის ყინული, ნახშირორჟანგი და სილიკატები, ასევე, ამიაკის, მეთანის, ფორმალდეჰიდის, ჭიანჭველმჟავას, მეთანოლისა და სხვა მსგავსი მოლეკულების არსებობაც დადასტურდა.