ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა ირანული შაჰედის ტიპის დრონებით განახორციელეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია, დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. აფეთქებები იყო ზაპოროჟიესა და ხერსონშიც. ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ გვერდზე, ზაპოროჟიეში, მრავალსართულიან შენობაზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს, მათვე 10 სარაკეტო, 32 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 90 შეტევა განახორციელეს. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის კონცენტრაციისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს აგრძელებს, რის შედეგადაც რუსულ ძალებს დიდი დანაკარგები აქვს.