ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, კურტ კობეინმა მაინც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო შოუბიზნესის ისტორიაში, რადგან არა მხოლოდ საკუთარი, თვითმყოფადი მუსიკა შექმნა, რომელიც მეტწილად ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებსა და პირობითობას აპროტესტებდა, არამედ 1990-იანი წლების მოდაც განსაზღვრა, რადგან სწორედ მისი გავლენა იგრძნობა მარკ ჯეიკობსის ე.წ. გრანჟის კოლექციაში, რომელმაც ფანელის პერანგები, გახეხილი ჯინსები, ნაქსოვი ჟაკეტები და სამხედრო ბათიკები გააერთიანა.
მომავალი მუსიკოსი მეტად შემოქმედებით გარემოში გაიზარდა, რადგან ოჯახის პრაქტიკულად ყველა წევრს ან მუსიკა იტაცებდა ან გამომსახველობითი ხელოვნება. ბებია პროფესიონალი მხატვარი იყო, ბიძა - ჩაკ ფრადენბურგი კი, როკ-ჯგუფში უკრავდა გიტარაზე, დეიდა მერი ერლი - აბერდინის მუნიციპალურ გუნდში მღეროდა, ბაბუა დელბერტ კობეინი კი, ცინცინატის ოპერის საუკეთესო ტენორად ითვლებოდა. მუსიკალური ნიჭი კურტმაც ადრეულ ასაკში გამოავლინა, როცა 2 წლისა ამღერდა, 4 წლისამ კი, თავისივე დაწერილი სიმღერა შეასრულა მამის ნაჩუქარ დრამზე.
უდარდელი ბავშვობა კობეინისთვის 1976 წელს, მშობლების განქორწინებით დასრულდა. მუდამ მხიარული და ხალისიანი კურტი, რომელმაც მძიმედ განიცადა მამის სახლიდან წასვლა, უცებ შეიცვალა, საშინლად პირქუში გახდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა, მამინაცვალთან უთანხმოების შემდეგ კი, საერთოდ სახლიდან წავიდა. მოზარდი ან მეგობრებთან ათევდა ღამეს, ან მდინარე უიშკაზე გადებული ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. სწორედ ხეტიალში გატარებული ბავშვობის მოგონებები დაედო საფუძვლად კომპოზიციას Something In The Way და ალბომს From The Muddy Banks Of the Wishkah.
სხვათა შორის, სიმღერა Smells Like Teen Spirit, რომელიც Nirvana-ს პირველი ჰიტი გახდა კობეინს ერთდროულად ძალიან უყვარდა და ძალიან სძულდა, რადგან მსმენელი პრაქტიკულად ყველა კონცერტზე აიძულებდა მის შესრულებას. მუსიკოსი ან ჯიუტად ამბობდა უარს პუბლიკის თხოვნაზე ან ისე ამახინჯებდა საკუთარ ნამუშევარს, რომ დიდი ხნით უკარგავდა მისი მოსმენის სურვილს.
იმავე პერიოდში დაიწყო კობეინმა ნარკოტიკების მიღება. 13 წლისამ მარიხუანას გაუსინჯა გემო, 20 წლისა კი ჰეროინზე გახდა დამოკიდებული. საკუთარ დღიურში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მხოლოდ სიბრიყვით, მუცლის ღრუში გამუდმებული ტკივილისგან გათავისუფლების იმედით დაიწყო ნარკოტიკების მიღება, თუმცა, გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, რომელსაც ვერც მედიკოსებმა მოუძებნეს ახსნა, მაინც ვერ დაძლია.
კურტს ყოველთვის აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ბავშვობაში ექიმებმა ჯერ ქრონიკული ბრონქიტის, მერე ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, უკვე ზრდასრულს კი, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს.
კობეინის კუზინას, გამოცდილი ფსიქიატრის მტკიცებით, ფსიქიური აშლილობით, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილებით მისი ბიძებიც იტანჯებოდნენ, რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. ამასთანავე, ერთ-ერთმა თავში გასროლით - ზუსტად ისე მოიკლა თავი, როგორც წლების შემდეგ მისმა ძმისშვილმა.
კობეინი, რომელიც მხოლოდ 60 კილოგრამს იწონიდა, საშინლად განიცდიდა საკუთარ სიგამხდრეს. წონაში მომატების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მუსიკოსმა ნაკლის შენიღბვის საკუთარი მეთოდი მოიფიქრა, ე.წ. „მრავალფენიანი სამოსის“ სტილს მიმართა და აბსოლუტურად გაუცნობიერებლად დაამკვიდრა მოდა ფანელის პერანგებსა და ფართო მაისურებზე, ნაქსოვ ჯემპერებსა და ჟაკეტებზე.
პირველი მუსიკალური გამოცდილება კობეინმა 1985 წელს შეიძინა, როცა პანკ-კულტურით გატაცებული მეგობრებთან ერთად შეუდგა მუზიცირებას, თუმცა წამოწყებამ არ გაამართლა და ჯგუფი სწრაფად დაიშალა სადებიუტო კომპოზიციის Thru-ს ჩაწერის შემდეგ. Nirvana კობეინმა 1987 წელს შექმნა სიეტლში გადაბარგების შემდეგ ახლად გაცნობილ კრისტ ნოვოსელიჩთან ერთად, სადებიუტო ალბომი Bleach კი, რომელსაც კრიტიკოსებმა არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივი უწოდეს, ორი წლის შემდეგ გამოუშვა.
მეორე ალბომი Nirvana Nevermind 1991 წელს ჩაიწერა და ჯგუფს მოულოდნელი აღიარება მოუტანა, სინგლი Smells Like Teen Spirit კი, ყველას გასაკვირად MTV-ის ჰიტი გახდა. სწორედ პოპულარულ მუსიკალურ არხზე მოპოვებული წარმატების შემდეგ დაინტერესდა მსოფლიო პრესა Nirvana-ს შემოქმედებით, რომელმაც კოლექტივს „თაობა Х-ის ფლაგმანი“, თავად კობეინს კი, „თაობის ხმა“ უწოდა.
კობეინს მეტად უცნაური გატაცება ჰქონდა. მუსიკოსი სამედიცინო წიგნებს, დიაგრამებს და ჩანასახის მოდელებს აგროვებდა განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. შესაძლოა, სწორედ უჩვეულო გატაცება აისახა უკანასკნელი ალბომის In Utero-ს ყდის უკანა ნაწილზე, რომელიც ყვავილებში ჩაფლული პლასტიკური ჩანასახის ნახატით გაფორმდა. სხვათა შორის, ექსპონატი თავად მუსიკოსმა შეარჩია საკუთარი კოლექციიდან.
In Utero-ს კომპოზიციებზე მუშაობისას კობეინი მძიმე დეპრესიას განიცდიდა, ამიტომ ალბომისთვის მეტად პესიმისტური სახელის I Hate Myself And I Want To Die დარქმევას გეგმავდა და მხოლოდ მეგობრის, Nirvana-ს გიტარისტის კრისტ ნოვოსელიჩის წყალობით გადაიფიქრა.
კურტ კობეინი 1994 წლის 8 აპრილს იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში სიეტლში. მუსიკოსმა თავში გასროლით დაასრულა სიცოცხლე. ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად პოლიციამ ცხედართან ახლოს სიკვდილის წინ დაწერილი წერილიც მოიძია, რომელშიც კობეინი ნილ იანგის სიმღერიდან My My Hey Hey (Into The Black) ციტირებდა ფრაზას: It’s better to burn out than to fade away ანუ „უკეთესია დაიწვა, ვიდრე ჩაქრე“.
მართალია, პოლიციის დასკვნით მუსიკოსმა თავი მოიკლა, მაგრამ ოფიციალურ ვერსიას არ დაეთანხმა მისი მეუღლის მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივი, რომელსაც კორტნი ლავმა სარეაბილიტაციო ცენტრიდან გაქცეული კურტის მოძებნის თხოვნით მიმართა. კობეინის სიკვდილი დღემდე გამოცანად რჩება, რადგან თვითმკვლელობის პარალელურად მკვლელობის რამდენიმე ვერსიაც არსებობს.
27 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსი 27-იანელთა ცნობილ კლუბს შეუერთდა, რომელმაც 27 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსები რობერტ ჯონსონი, ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ბრაიან ჯონსი და ემი უაინჰაუსი გააერთიანა.