საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დაასრულა და მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესარჩევი ორ, პირველ და მეორე ჯგუფურ ეტაპად იყო გაყოფილი. სწორედ მეორე ეტაპის საუკეთესო ხუთეული შეარჩია ფიბა-ს ოფიციალურმა საიტმა.
ცნიბილმა საკალათბურთო სპეციალისტებმა ხუთეულში ორი ქართველი შეიყვანეს – თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. All Star 5 ასე ამოიყურება: მარკო სპისუ (იტალია), ჰაიმე ფერნანდესი (ესპანეთი), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო), გიორგი შერმადინი (საქართველო). შედეგები სამი ექსპერტის მოსაზრებების შეჯამებით გამოქვეყნდა. მათ პირველადგილოსანს 5 ქულა მიანიჭეს, მეორეს – 4, მესამეს – 3, მეოთხეს – 2, მეხუთეს – 1. საინტერესოა, რომ სამივემ პირველ ადგილზე ქართველები დააყენა: ჯეფ ტეილორმა და დევიდ ჰეინმა – გიორგი შერმადინი, იგორ ჩურკოვიჩმა – შენგელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 26 თებერვალს ისლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება.