გარშემო არსებული ხმაურისგან „თავის დაცვა“ ერთ-ერთი ის კომფორტია, რომელსაც ყურსასმენები გვთავაზობს. ეს არის საშუალება, ნებისმიერი გარემოდან სასურველ წარმოსახვებში გადავეშვათ — სწორედ ამის ვიზუალიზაციას წარმოადგენს AirPods-ის ხმაურის დახშობის ფუნქციის ირგვლივ შექმნილი ვიდეორგოლი.
რეკლამაში ვხედავთ ქუჩაში მშვიდად, ბედნიერად მოსეირნე გოგონას, რომლის თავზეც მთელი ქალაქის ქაოსია მოქცეული… საცობი, ყვირილი, კამათი, გაურკვევლობა და ხმაური — თუმცა თავად ამ პერსონაჟს არაფერი ესმის, არაფერი აწუხებს, რადგან ხმის დახშობის ფუნქციას იყენებს. როგორც კი მას გათიშავს, თავადაც ამ არეულობის ნაწილი ხდება, მაგრამ მალევე იშორებს თავიდან — მოკლედ, ჩვენზეა დამოკიდებული, გარემოს განვერიდებით თუ მისი ნაწილი ვიქნებით.
მართალია, ვიდეორგოლი უბრალოდ პროდუქციის პოპულარიზაციას ეხება, მაგრამ დღევანდელ რეალობას იდეალურად აღწერს: ქუჩაში მიმავალ ადამიანებს საკუთარი სამყაროები აქვთ შექმნილი და ნაკლებად ერევიან უნივერსალურ მოცემულობაში…