ახალი კვლევის თანახმად, პარიზის ნოტრ-დამი გოტიკური სტილის პირველი ტაძარია, რომელიც ქვების ერთმანეთთან შესაკავშირებლად დიდი რაოდენობის რკინით ააგეს. ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
ნოტრ-დამი მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში აიგო და ყველაზე მაღალი ნაგებობა გახლდათ — 32 მეტრი სიმაღლის. სავარაუდოდ, ეს ახალი არქიტექტურული ტექნიკების გამოყენებით მოხერხდა. მშენებლობებში ანდა რესტავრაციისას დღესდღეობით რკინის არმატურებს ფართოდ იყენებენ, თუმცა ნოტრ-დამის ნაგებობაში რკინის ფუნქცია აქამდე უცნობი იყო.
პარიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეძლეს და ტაძრის ის ნაწილები შეისწავლეს, რომლებიც 2019 წლის ხანძრამდე ხელმისაწვდომი არ იყო. მათ ნიმუშები 12 რკინის სამაგრიდან აიღეს, რომლებსაც შენობის სხვადასხვა ნაწილებში იყენებდნენ ქვების გასამაგრებლად.
მიკროსკოპული, ქიმიური, ასევე არქიტექტურული ანალიზებისა და რადიონახშირბადული დათარიღების შედეგად დადგინდა, რომ 1160-იან წლებში ნოტრ-დამის მშენებლობისას ნამდვილად რკინის სამაგრებს იყენებდნენ, თავად ტაძარი კი პირველი ასეთი ნაგებობაა.
მკვლევრების თქმით, უფრო კონკრეტულად, ამ დროს რამდენიმე ათასი რკინის სამაგრი გამოიყენეს.
ანალიზს თუ სხვა ისტორიულ თუ არქეოლოგიურ ფაქტებსაც დავუმატებთ, შეიძლება ისიც გავიგოთ, თუ რა ეტაპზე იყო იმდროინდელ პარიზში რკინით ვაჭრობა, მისი გავრცელება და ჭედვა.
მაგალითისთვის, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე სამაგრი სხვადასხვა წყაროდან აღებული რკინის ნაწილების შედუღებით დამზადდა.
პარიზის ნოტრ-დამში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა. მას შემდეგ ნაგებობას რესტავრაცია უტარდება, საფრანგეთის ხელისუფალთა ცნობით კი, იგი 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება. https://youtu.be/_4kBntxPUic