ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველწლიურ ანგარიშში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.
„სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომელთაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს. 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას”,
4 მაისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია “.
6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი კვლავ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულად” შეაფასა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს”, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებამდე სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთის გამო.
გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს.
„ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ”, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან. სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ აღნიშნული ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.