ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყანას მოუწოდებს, მოემზადოს იმისთვის, რომ ომის შეკავების მიზნით ნებისმიერ დროს ბირთვული თავდასხმები განახორციელოს.
„არსებული ვითარება, როდესაც მტრები სულ უფრო გამოხატული ხდებიან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აგრესიისკენ მიმართულ ნაბიჯებში, სასწრაფოდ მოითხოვს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული ომის შეკავების გაძლიერებას. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული ძალა მტკიცედ შეაკავებს, გააკონტროლებს და მართავს მტრის უგუნურ ნაბიჯებსა და პროვოკაციებს და ყოველგვარი არასასურველი სიტუაციის შემთხვევაში უყოყმანოდ შეასრულებს თავის მნიშვნელოვან მისიას“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
სამხრეთ კორეამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ კვირას, ჩრდილოთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რაკეტის გამოცდას კიმ ჩენ ინი თავის ქალიშვილთან ერთა ესწრებოდა.