რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სუმის რეგიონში შვიდი დასახლებული პუნქტი დაბომბეს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ერთი სარაკეტო და შვიდი საავიაციო შეტევა განახორციელა, ასევე ცხრაჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა და სკოლა. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ორი რაიონი დაბომბეს.
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბახმუტზე რუსეთის ოთხი თავდასხმა მოიგერიეს.