რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. ამასთან, ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა აღნიშნულ მიმართულებებზე მტრის 69 თავდასხმა მოიგერიეს.
„კერძოდ, ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბახმუტის, ივანოვსკოეს, ბოგდანოვკას და გრიგოროვკას დასახლებების მიდამოები. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ნოვოსელოვსკოეს, კრემენნაიასა და ბელოგოროვკას დასახლებების მიდამოებში“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კამენკას, ავდიივკას, სევერნის, ვოდიანის, ბერდიჩევისა და მარინკას მიდამოებში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 56-ჯერ გახსნეს.
„არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსული ძალების მხრიდან დარტყმების ალბათობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ მაღალია.