ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ტურნირი.
მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე. პორტუგალია დებიუტში ლელოთი დაწინაურდა, რასაც ტაბუცაძის ორი ლელო და აბჟანდაძის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 28-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის კაპიტანი შარიქაძე სახიფათო თამაშის გამო გაასინბინა, მოწინააღმდეგემ კი ორი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო შემართული გავიდა, ტაბუცაძემ შესანიშნავი შეტევა ვერ დააგვირგვინა, თუმცა მალე მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მერე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და არბიტრმა ლობჟანიძე და პორტუგალიელი მორაგბე გაასინბინა. თამაში ცოტა არ იყოს აირია, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს, რითაც ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ ისარგებლეს ქართველებმა - პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით 13 ქულით გავიდნენ წინ. ეს მატჩში გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა. ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ტაბუცაძემ ისევ წამოიწყო იერიში, რომელიც თაფლაძემ წარმატებულად დაასრულა, მატკავამ გარდასახვა მიაყოლა და ანგარიში კომფორტული გახდა.
პორტუგალიელები უკვე გატყდნენ, რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ, ჭყოიძემ ბრუნით დაალელოვა ლუზიტანები, მატკავა გარდასახვისას კვლავ უზადო იყო და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.