იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეზე მეტყველებს: დასავლეთი ისტერიკაშია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები რუსეთს არ ეხება.
ვოლოდინის მტკიცებით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს ესმით, რომ „თუ არის პუტინი, არის რუსეთი“ და ამიტომაც „თავს ესხმიან მას“.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ“, - განაცხადა ვოლოდინმა.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.