ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 12 წლის მოზარდის გვამის გამოკვლევა დასრულებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, სიკვდილის მიზეზი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება.
"ამჟამად, აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შედეგად უკვე მთლიანად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა. როგორც კი ყველა კვლევა დასრულდება და სიკვდილის მიზეზი დადგინდება, ეცნობება დამნიშნავს, ამ შემთხვევაში, ეს არის გამოძიება”, - განაცხადეს ექსპერტიზის ბიუროში.
ამასთან, ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.