საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კატარის დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სტენდი კატარის ტრანსპორტის მინისტრმა, კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრმა, მუნიციპალიტეტების მინისტრმა, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, კატარის ტურიზმის საბჭოსა და ავიახაზების პრეზიდენტმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დაათვალიერეს.
მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაზე „Agriteq 2023“ საქართველოს სტენდზე 14 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებმაც დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.