მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს რუმინეთის გავლით იღებს.