„ჩვეულებრივი ქალი ვარ, არც ძალიან მდიდარი, არც ბედნიერი, არც ლამაზი, უბრალოდ ქალი და ზუსტად ისეთი, როგორიც მილიონობით სხვა ამ პლანეტაზე“, - აღნიშნა ბრწყინვალე მომღერალმა სეზარია ევორამ, რომელიც ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების რიცხვს მიაკუთნეს.
მართალია, ევორამ საკმაოდ გვიან დაიწყო პროფესიონალური კარიერა, მაგრამ მორნას, ფადუსა და მოდინიას ჟანრში შესრულებული ბალადების წყალობით სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მუსიკოსის ხავერდოვანი ხმა და ყოველთვის მგრძნობიარე, ემოციური კომპოზიციები პირველსავე წუთიდან ნუსხავდნენ მსმენელს, მით უფრო, რომ მის მუსიკას არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები როიალი, ვიოლინო, კლარნეტი და უკულელე ავსებდნენ. „ფეხშიშველი დივას“ სახელით ცნობილი მუსიკოსი ყოველთვის ფეხსაცმლის გარეშე გამოდიოდა სცენაზე და სწორედ ასე განასახიერებდა იმ სიღატაკეს, რომელშიც სხვა კაბო-ვერდელების მსგავსად დაიბადა და გაიზარდა.
მოზარდი სეზარია საკმაოდ ადრე გაიტაცა მუსიკამ, თუმცა აღიარება ბევრად გვიან, უკვე ასაკოვანმა და დაბრძენებულმა მოიპოვა. ევორა 1941 წელს დაიბადა ქალაქ მინდელუში, კაბო-ვერდეს კუნძულ სან-ვისენტეზე ადგილობრივი მუსიკოსის ჟუსტინო და კრუზა ევორას და მზარეულის დონა ჟუანის ღარიბ, თუმცა მხიარულ ოჯახში და ოთხ უმცროს ძმასთან ერთად გაიზარდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დონამ ვეღარ შეძლო შვილების რჩენა და სეზარია თავშესაფარში გაამგზავრა, სადაც გოგონამ რამდენიმე უმძიმესი წელი გაატარა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება დაკარგა.
მშობლიურ სახლს სეზარია მხოლოდ 15 წლის ასაკში დაუბრუნდა. მართალია, მოზარდმა ადგილობრივ რესტორნებსა და ბარებში გამოსვლით სცადა დედის დახმარება, მაგრამ არც მისი შემოსავალი აღმოჩნდა საკმარისი ღატაკი ოჯახის წელში გასამართად, „დონა პრაქტიკულად სრულად დაბრმავდა და მხოლოდ შვილების დახმარებით გადაადგილდებოდა. მთელი ოჯახი პატარ ქოხში ცხოვრობდა, იტაკს უზარმაზარი ღრმული ჰქონდა, საიდანაც ქვედა სართულის ოთახი ჩანდა. ოჯახს სეზარია უძღვებოდა, რომელიც დღისით სახლში მუშაობდა, ღამით კი, ბარებში მღეროდა“, - იხსენებდნენ მოგვიანებით მეზობლები.
სიღატაკისა და პირქუში ბავშვობის მიუხედავად, სეზარიას მაინც გაუმართლა, რადგან საოცარი ტალანტისა და ძლიერი, გულში ჩამწვდომი ხმას პატრონი აღმოჩნდა, რომელმაც ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარებით შეიძინა მსუბუქი ხრინწი და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ევორა მეტწილად კაბო-ვერდეს ტრადიციულ სიმღერებს ასრულებდა მორნას ჟანრში, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა აფრიკული მოტივებისა და პორტუგალიურ-ბრაზილიური რიტმების გავლენით.
პირველ სიყვარული - მეზღვაური ედუარდო ჟუაუ შალინუ 16 წლის სეზარიამ ბარში გაიცნო, სადაც საკვების ან თუნდაც სიგარეტის უფასოდ მიღების იმედით მღეროდა. ახალგაზრდა მუსიკოსის ხმით მოხიბლულმა ედუარდუმ ჯერ ბენდი შეკრიბა მისთვის, მერე რესტორნების მფლობელებთან მოლაპარაკებით მოუწყო რამდენიმე კონცერტი და ადგილობრივ ვარსკვლავად აქცია, თუმცა ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ერთი წლის შემდეგ მელომანმა მეზღვაურმა ევორასთან ერთად კაბო-ვერდეც სამუდამოდ დატოვა.
ევორია მთელი 20 წელი მღეროდა კაფეებში, რესტორნებში და მართალია, ადგილობრივი რადიოს ეთერშიც მოაწყო რამდენიმე გამოსვლა, მაგრამ მაინც ნამდვილ პოპულარობაზე ოცნებობდა, როცა მის შემოქმედებას მთელი მსოფლიო გაიცნობდა. სამწუხაროდ, მუსიკოსს დიდი ხნით მოუწია ოცნებებზე უარის თქმა, რადგან 1975 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როცა მწვანე კონცხის კუნძულებმა პორტუგალიისგან მოიპოვეს დამოუკიდებლობა და ოფიციალურად მიიღეს კაბო-ვერდეს რესპუბლიკის სახელი, ქვეყანა ღრმა ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, სეზარია კი, მთელი 10 წლით დაემშვიდობა სცენას, რადგან სიმღერას ის მინიმალური შემოსავალიც აღარ მოჰქონდა, რაც მანამდე.
მუსიკას ევორა მეგობრების თხოვნით დაუბრუნდა, რომელთაც ლისაბონში გამგზავრებასა და კაბო-ვერდული დიასპორისთვის კონცერტის მოწყობაზე დაითანხმეს. სწორედ პორტუგალიის დედაქალაქში ჩაწერა 43 წლის სეზარიამ პირველი ალბომი, მერე კი, ემიგრანტი ჟოზე დე სილვა გაიცნო, რომელმაც კარიერის საფრანგეთში გაგრძელება შესთავაზა. ევორას კოლორიტული სიმღერებით მოხიბლული სილვას პროგნოზმა გაამართლა, პარიზში სეზარიამ 3 ალბომი ჩაწერა და ეთნიკური ბარიერის მიუხედავად აღაფრთოვანა ფრანგული პუბლიკა.
ჟურნალისტების მიერ „რესტორნის მუსიკის არისტოკრატად“ წოდებული ევორა ყოველთვის ფეხშიშველი გამოდიოდა სცენაზე. მართალია, ბევრი თვლიდა, რომ მსგავსი ჟესტით სეზარია კაბო-ვერდეს სიღატაკეს სიმბოლიზირებდა, მაგრამ თავად მუსიკოსი ირწმუნებოდა, რომ მთელი ცხოვრება ფეხსაცმლის გარეშე დაიარებოდა, რადგან ძალიან არ უყვარდა მისი ტარება. მეტიც, პირველი წყვილი სეზარიამ მხოლოდ 40 წლის ასაკში შეიძინა, როცა პორტუგალიაში გადაწყვიტა გამგზავრება.
1980-იან წლებში სეზარიამ მასშტაბური საგასტროლო ტურნე მოაწყო ევროპაში და „შავკანიანი ედიტ პიაფის“ მეტსახელთან ერთად პირველი სოლიდური ჰონორარიც მიიღო. თუმცა, მუსიკოსი ვერც სიმდიდრემ შეცვალა, ვერ აღიარებამ. 50 მილიონის მიუხედავად, რომელიც კარიერის მანძილზე დააგროვა, ევორა მაინც მშობლიურ სახლში ცხოვრობდა ორ შვილთან და მრავალრიცხოვან ნათესავებთან ერთად, ახალი სახლი კი, მხოლოდ წლების შემდეგ შეიძინა, როცა ძველმა უზარმაზარი ოჯახი ვეღარ დაიტია.
ფუფუნების მიმართ გულგრილობის მიუხედავად, მუსიკოსს მაინც ჰქონდა ერთი სისუსტე - კაბო-ვერდელი ქალბატონების მსგავსად მასაც ძალიან უყვარდა ოქროს სამკაული, რომელსაც გასტროლების დროს იძენდა მცირე საიუველირო მაღაზიებში, რადგან მაქსიმალურად გაურბოდა მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და პუბლიკის ყურადღებას.
ჰონორარის დიდ ნაწილს სეზარია ყოველთვის ქველმოქმედებას და კაბო-ვერდელების კეთილდღეობას სწირავდა. მუსიკოსი არა მხოლოდ ქვეყნის ჯანდაცვის, არამედ დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემასაც აფინანსებდა. მეტიც, სწორედ მისი წყალობით გაიცნო მსოფლიომ ატლანტის ოკეანის პატარა ქვეყანა, რომელიც მოგვიანებით გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. მადლიერმა კაბო-ვერდელებმა მუსიკოსის სიცოცხლეშივე მოინდომეს მისთვის ძეგლის დადგმა, თუმცა აღშფოთებულმა სეზარიამ კატეგორიულად გააპროტესტა მსგავსი ინიციატივა.
2010 წლის მაისში სეზარიამ ბოლო კონცერტი გამართა ლისაბონში. მართალია, მორიგი გრანდიოზული ტურნეს ფარგლებში მუსიკოსი მთელი ევროპის მასშტაბით გეგმავდა გამოსვლას, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებმა და გულზე სასწრაფოდ გაკეთებულმა ოპერაციამ კონცერტების ჯერ წლის ბოლომდე გადადება, მერე კი, საერთოდ გაუქმება და კარიერის დასრულება აიძულა.
„გრემის“ ხუთგზის ნომინანტი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი ევორა 2011 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში, სადაც 2012 წელს არა მხოლოდ ძეგლი დაუდგეს, არამედ აეროპორტსაც მიანიჭეს მისი სახელი.