ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ტურნირის მეოთხედფინალში.ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა - ქართველ ვარსკვლავს ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა კევინ ტრაპის კარი ისევ ვერ დალაშქრა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და დაიწყო მასპინძელთა შეტევებით, რომლებმაც გერმანიაში ანგარიშით 2:0 იმარჯვეს. პირველი მომენტი კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა. შემდეგ მან ოსიმენი ტრაპთან პირისპირ გაიყვანა და ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. მორიგი იერიშისას ტრაპმა უკვე ქართველს მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩა მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და ისევ ვერ დაჯაბნა ტრაპი, ხოლო კომპენსირებულ დროში ოსიმენმა "ნაპოლი" დააწინაურა.
შესვენების შემდეგ „კვარას“ ლამაზი პასით წამოწყებული კომბინაცია ოსიმენმა დააგვირგვინა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული საბოლოოდ გაირკვა. ნეაპოლელებმა ზეწოლა არ შეანელეს, 61-ე წუთზე ხვიჩა მცველებს გაექცა, დაარტყა კიდეც და ტრაპმა ისევ არ გაატანინა. ამის შემდეგ პიოტრ ჟელინსკიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გაზარდა. ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს - მოედნიდან გასვლისას, მას ლუჩანო სპალეტი გადაეხვია.
ცნობისთვის, "ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.