NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს, ქართველი კალათბურთელების გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ. გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ ესტუმრა და 114:132 დამარცხდა.
სამწუხაროდ, გოგას სათამაშო დრო არ მიეცა, „მამუს“ კი კარგი შეხვედრა ჰქონდა. სანდრომ პარკეტზე 21 წუთი და 29 წამი გაატარა და აქტივში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „მამუმ“ 2 ბრწყინვალე ასისტიც შემოგვთავაზა, რომლებიც ტექსასელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. მის პასივში 2 დაკარგვა და 3 ჯარიმა იყო.
ამრიგად, „მეჯიქს“ 28 მოგება და 41 წაგება აქვს და პლეი ინის ტურნირში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. ფლორიდელები მომდევნო მატჩს 17 მარტს, „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავენ. „სან ანტონიოს“ რაც შეეხება, „სპურსის“ ანგარიშზე 18 მოგება და 50 მარცხია. ტექსასელთა მომდევნო გაჩერება „დალას მავერიქსია“.