„ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავის მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობა აიძულეს ქუჩაში გასულიყვნენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მათი მთავრობა არ იმსახურებს“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპარლამენტში საქართველს საკითხზე დებატებისას განაცხადა.საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა. ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სიტყვით გამოსვლისას, ე.წ უცხოური აგენტების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღნიშნული კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.
საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებისადმი არაერთი მესიჯი გააჟღერეს - მათ შორის ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზეც. როგორც აღინიშნა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის.