გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის 192 მოქალაქემ მოითხოვა. მონაცემებს იუსტიციის სამინისტრო სადეპუტატო კითხვის პასუხად ავრცელებს. უწყების ცნობით, გასულ წელს ჯამში 192 განაცხადიდან, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დაკმაყოფილდა 78 განცხადება. აქედან, 32 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 46 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.
ამასთან, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით გაკეთებული 55 განცხადება არ დაკმაყოფილდა; 14 - განუხილველად დარჩა; 40 განცხადება - განხილვაშია; 4 განაცხადის შემთხვევაში დასკვნა მზადდება; ხოლო 1 განაცხადის განხილვა შეჩერებულია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი უკრაინის 19 მოქალაქის მხრიდან დაფიქსირდა. აქედან 17 განხილვაშია, საიდანაც 14 განაცხადი უკრაინის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, 2 განაცხადის განხილვა შეჩერებულია.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 860 მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დაკმაყოფილდა 3 297 განცხადება. აქედან, 1 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.