აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის ლიდერებმა, ჯო ბაიდენმა, რიში სუნაკმა და ენტონი ალბანეზამ ატომურ ენერგიაზე მომუშავე ახალი თაობის წყალქვეშა ნავების ახალი ფლოტის შექმნასთან დაკავშირებული გეგმის დეტალები გამოაცხადეს.
Aukus-ის შეთანხმების თანახმად, ავსტრალია აშშ-დან ატომურ ენერგიაზე მომუშავე მინიმუმ სამ წყალქვეშა ნავს მიიღებს.
მოკავშირეები ასევე იმუშავებენ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ფლოტის შესაქმნელად
Aukus-ის შეთანხმების მიზანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის შეზღუდვაა.
სან-დიეგოში, კალიფორნიაში საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავები იქნებიან ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე და არა ბირთვული იარაღით აღჭურვილი და საფრთხეს არ შეუქმნიან ავსტრალიის ვალდებულებას, იყოს ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყანა.
შეთანხმების თანახმად, ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების (RAN) წევრები მიმდინარე წლიდან განთავსდებიან აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავების ბაზებზე, რათა მიიღონ წყალქვეშა ნავების გამოყენებისთვის საჭირო უნარები.
2027 წლიდან აშშ და დიდი ბრიტანეთი განათავსებენ მცირე რაოდენობის ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს ავსტრალიაში, პერტში, RAN-ის ბაზაზე, სანამ, 2030-იანი წლების დასაწყისში, ავსტრალია აშშ-დან სამ წყალქვეშა ნავს შეიძენს.
ამის შემდეგ, გეგმა არის მთლიანად ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავის - SSN-AUKUS- დაპროექტება და შექმნა დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის საზღვაო ძალებისთვის. ნავი აშენდება ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ბრიტანული დიზაინით, მაგრამ სამივე ქვეყნის ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტის საშუალებით ავსტრალიას ექნება წყალქვეშა ნავები, რომლებსაც უფრო შორს და სწრაფად გადაადგილება შეუძლიათ, ვიდრე მის ამჟამინდელ ფლოტს.
ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანას პროექტი, მომავალი 30 წლის განმავლობაში, 368 მილიარდი ავსტრალიური დოლარი დაუჯდება.