"საირმე მინერალ ვოთერსი" გაფიცულებთან მოლაპარაკებების პროცესს შეუთანხმებლობის გამო სამართლებრივი გზით გააგრძელებს. კომპანია სრულყოფილი ოპერირების მიზნით სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვს. მინერალური წყლის მწარმოებელი „საირმე მინერალ ვოთერსი“ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრია და სწორედ ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება.
გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავენ - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ივა ჭყონია