წარმოგიდგენიათ კვების ობიექტი, სადაც კერძებს ფასი არ ადევს? ალბათ იტყვით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთი რესტორნის არსებობა წარმოუდგენელია და შეცდებით. ტეხასის შტატში არსებობს რესტორანი სახელად - Taste Community, სადაც ფასწარმოქმნის საკითხებს საკმაოდ საინტერესოდ აღიქვამენ. უფრო სწორად, საერთოდ არ აღიქვამენ - ამ რესტორანში კერძები უფასოა!
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია რესტორანში შესვლა და სასურველი კერძებისა და სასმელების უფასოდ შეკვეთა. სულ ერთია, შემწვარ ხორცს მიირთმევთ, კარტოფილს თუ თევზს ვიეტნამური ზღვის მცენარეებით, საფასურის გადახდას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თავად გადაიხადოთ. გულუხვ მასპინძელს ერთ დოლარს დაუტოვებთ თუ ასს, თქვენი გადასაწყვეტია.
შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ, ოფიციანტის მოტანილ ქვითარში გადასახდელ ღირებულებას მაინც ვერ ნახავთ.
დაწესებულების მენეჯმენტი სტუმრებს სთავაზობს, კერძების ფასი თავად განსაზღვრონ.
ახლა კი ყველაზე საინტერესო - როგორც რესტორნის მფლობელები ირწმუნებიან, ასეთმა მიდგომამ შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.
როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ხალხის ცნობისმოყვარეობაა - ადამიანები რესტორნის ინოვაციით იმდენად დაინტერესდნენ, რომ მომხმარებელთა ნაკადი ძალიან გაიზარდა.
ამასთან, მომხმარებლებს არ სურთ, რომ უგემრიელესი კერძების დაგემოვნების შემდეგ ისინი ძუნწ და ხარბ ადამიანებად ჩათვალონ და რესტორანში საკუთარი ნებით, მნიშვნელოვან თანხას ტოვებენ. იმაზე მეტსაც კი, ვიდრე კერძის ღირებულებაა.