აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ აგენტების კანონპროექტზე კვლავ მსჯელობას - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აცხადებს, რომ ოცნება კანონპროექტზე მიბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ემოციების ჩაცხრობის შემდეგ ყველა დაფიქრდება რას აპროტესტებდნენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ ჩაგდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოძრაობა ხალხის ძალაში ფიქრობენ, რომ გასული დღეების განმავლობაში გამართული აქციების მიზანი პარლამენტზე შტურმის მიტანა და რევოლუციური სცენარის განხორციელება იყო. ოცნების უკან დახევაზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლო დღეების განმავლობაში საკუთარი რეალური სახე საზოგადოებას კარგად აჩვენა.