პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და ურჩევს თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომ ქუჩაში ხალხი მისი გათავისუფლების მოთხოვნით არ დგება.
ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, აქციებთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტის კომენტარებს ეხმაურება.
"შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა. ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ საქართველოში 30 პროცენტის მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს, თუ კრეატიული უმცირესობა არ გიჭერს მხარს.
2003 წელს გამოგივიდა სწორედ იმიტომ, რომ კრეატიული უმცირესობა შენს მხარეს იყო - 2008 წლიდან ნელნელა, ხოლო ივანიშვილის წარმატების შემდეგ მთლიანად - ამ ხალხს და მათთვის მისაღებ შინაარსს შენ ზურგი აქციე, ხოლო ის ხალხი, ვინც მხარს გიჭერს და მიშა მიშას გაიძახის, იდეებისგან და შინაარსისგან დაცლილია, შენს კერპზეა აგებული და ისინი ვერ გახდებიან ცვლილებების მოტორი, ზომბები არიან.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო (და ჩემი აზრით იამაყო) იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციამ თავისი ფუნქცია მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეასრულა და სოციალური ჯგუფების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააფართოვა, გაიზარდა თაობა რომელიც ქრთამის გარეშე მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, ამას ინტერნეტ რევოლუციაც დაერთო - ეს ხალხი თანამედროვე, ჩემნაირი ხალხია - მე ეს ხალხი ვნახე, გავიცანი და ველაპარაკები - გაუგებარია ამ ხალხისთვის ჯვარს რატომ უქნევ, უცხოელებს რატომ ერჩი, უმცირესობებს, რომლებსაც ორკები ურტყამენ - მხარს ცალსახად რატომ არ უჭერ, ვერ გაიგეს რა საპასუხო თავგანწირვას სთხოვ, რა საჯიშე ბიჭებზე ელაპარაკები, სხვა ენაზე საუბრობენ, ანიმეებზე, ჰარი პოტერზე და მარველზე გაიზარდნენ - შენ მათი ენა არ გესმის. არ ესმით დავით აღმაშენებელს რომ ედრები წარამარა ეს რას ნიშნავს - გაგიჟდი, მანია გრანდიოზა გჭირს, თუ რა ხდება.
მე ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გიმეორებ, რომ თუ პოლიტიკური წარმატება გინდა, ეს ხალხი უნდა გაიცნო, რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ამ ხალხისთვის კერპები გაუგებარია და წარსულს აკუთვნებს შენს მონოლოგებს, სადაც მათ ამადლი რომ ქვეყანა ააშენე, მათთვის თავი გაწირე, დავით აღმაშენებელი ხარ და ისინი არ გიფასებენ - ვერ ხვდებიან რას ითხოვ, იციან რომ ისტორიულ გმირებს ისტორია აფასებს და არა თვითონ, არც იმ გმირებზე წაუკითხავთ, რომლებიც საპასუხო თავგანწირვას ითხოვენ ასეთი დაჟინებით. შენ ხომ ამ ხალხთან რეალურად კონტაქტი 2004 წლის შემდეგ აღარ გქონია? - ჯერ ძალაუფლების ბაბლმა მოგწყვიტა, შემდეგ უკვე საკუთარმა ილუზიებმა და ემიგრაციამ" - წერს ჩერგოლეიშვილი.