რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს არ მისცა უფლება, სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო.
„საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის. მან შეზღუდა ვაშინგტონის გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პარლამენტში განხილვიდან მისი მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი", - წერს ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი მტკიცებით, ვაშინგტონმა „რბილი ძალის ბერკეტების“ გამოყენებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ხოლო ყველა სხვა ქვეყანა ვაშინგტონის წესებით არსებობს.
„ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ "ფერადი რევოლუციის" მიღების რისკი ემუქრება,“- აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
მისი მტკიცებით, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ექნებოდა უფლება, გაეკონტროლებინა სახსრები, რომელიც ქვეყანაში უცხოეთიდან შედის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ხმარდება.