უშედეგოდ დასრულდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე “ელმავალმშენებლის” ქარხნის უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისების აუქციონი. საწარმოს აქტივებს აღსრულების ეროვნული ბიურო 48 მილიონ 800 ათას ლარად ყიდდა. ცნობისთვის, გეტყვით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, კომპანიის წარმომადგენლებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნაზე უარი უთხრა, რასაც მალევე აქტივებზე ყადაღის მოხსნა და შენობა-ნაგებობების ელექტრონულ აუქციონზე გატანა მოჰყვა. აღნიშნული ქარხანა ბოლო რამდენიმე წელია მუშა მდგომარეობაში არ იყო. ბოლო ფინანსური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია, 2019 წლით თარიღდება, მაშინ კომპანიას 27 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.