მივესალმები სწორ გადაწყვეტილებას მიღებული ხელისუფლების მიერ, რომ გამოეწვია კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ხალხის რეალური ძალა, ის, „რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში“.
„მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა მთელს საზოგადოებას მოულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები სწორ გადაწყვეტილებას მიღებული ხელისუფლების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება.
ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება.
ეს იყო ამავდროულად პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ.
ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს.
მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს.
მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.