„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, - განაცხადა მდინარაძემ.