მართალია, ცნობილი ბრენდის და უნიკალური სპორტული ავტომობილის შემქმნელი ფერუჩო ლამბორგინი იტალიის პროვინციაში, საკმაოდ მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ დღეს სწორედ მისი სახელი ასოცირდება ფუფუნებასთან, მოდურ სტილსა და რესპექტაბელურობასთან.
ფერუჩო ელიო არტურო ლამბორგინი 1916 წლის 28 აპრილს დაიბადა იტალიის ჩრდილოეთში, ემილია-რომანიას პატარა ქალაქ რენაცოში ფერმერების ოჯახში. მართალია, მამას იმედი ჰქონდა, რომ უფროსი შვილი ოჯახურ საქმეს გააგრძელებდა, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება. ფერუჩომ, რომელიც ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა მექანიკით, მცირე სახელოსნო მოიწყო მიტოვებულ ფარდულში, სადაც მუდმივად რაღაცას შლიდა, აწყობდა და სამეურნეო ტექნიკის გამართულობაზე ზრუნავდა, თუმცა ფიზიკურ შრომასა და მშობლების დახმარებაზე ყოველთვის უარს ამბობდა.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მომავალმა გამომგონებელმა ჩენტოში, Fratelli Taddia-ს ინსტიტუტში გაიარა საწარმოო ტექნოლოგიის კურსი, მჭედლის ლიცენზიის მიღების შემდეგ კი, ადგილობრივ სამჭედლოში ეზიარა თუჯის ჩამოსხმისა და შედუღების ხელოვნებას. 1934 წელს ლამბორგინიმ ბოლონიაში, Cavalier Righi-ის კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რომელიც ქვეყნის სამხედრო უწყებასთან გაფორმებული კონტრაქტის წყალობით იქცა ჩრდილოეთ იტალიის უმსხვილეს საწარმოდ. სწორედ ბოლონიაში გაიცნო ფერუჩომ მომავალი კომპანიონი მარინო ფილიპინი, ვისთან ერთადაც საკუთარი სახელოსნო გახსნა და სამეურნეო აღჭურვილობასთან ერთად ავტომობილების შეკეთებასაც შეუდგა.
1940 წელს სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში გაწვეული ლამბორგინი ბერძნულ კუნძულ როდოსზე აღმოჩნდა. ქვედანაყოფში, რომელიც სამხედრო ავტომობილების გამართულობაზე ზრუნავდა, ფერუჩომ არა მხოლოდ თანამედროვე იტალიური და უცხოური ტექნიკა შეისწავლა დეტალურად, არამედ მეთაურობის ნდობაც დაიმსახურა, რომელიც მხოლოდ მას ანდობდა საკუთარი ავტომობილების შეკეთებას.
1943 წლის სექტემბერში იტალიის კაპიტულაციის და როდოსის კუნძულის გერმანელების მმართველობაში გადასვლის შემდეგ, სხვებთან ერთად ლამბორგინის ქვედანაყოფიც ახალ ხელმძღვანელობას დაემორჩილა, თუმცა ფერუჩომ დიდხანს ვერ გაუძლო მკაცრ რეჟიმს და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა სამხედრო ბაზა დატოვა.
ადგილობრივ სახელოსნოში ფარულად მუშაობის მიუხედავად, ლამბორგინი მაინც სწრაფად შეამჩნიეს გერმანელებმა, თუმცა ახალგაზრდა მექანიკოსს, რომელსაც ნებისმიერი დეფექტისა და დაზიანების შეკეთება შეეძლო, ბაზაზე დაბრუნების ნაცვლად საკუთარი სახელოსნოს გახსნის უფლება მისცეს, სადაც მათსავე ტექნიკას არემონტებდა.
მშობლიურ რენაცოში ლამბორგინი მხოლოდ 1946 წელს დაბრუნდა მეუღლესთან კლელია მონტისთან ერთად, რომელიც ერთი წლის შემდეგ, მშობიარობისას დაიღუპა. უზომოდ შეყვარებული ფერუჩო, რომელმაც მეტად მტკივნეულად გადაიტანა მეუღლის დაკარგვა, სწრაფად მიხვდა, რომ მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლებას და გადარჩენას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და ოცნებების რეალიზებით შეძლებდა.
მიზნების განხორციელება ლამბორგინიმ, რომელიც ჩენტოს კომუნაში ახალშობილ ანტონიოსთან ერთად გადაბარგდა, ფერმერთათვის მძიმე შრომის შესამსუბუქებლად სამეურნეო ტექნიკის წარმოებით გადაწყვიტა, მით უფრო, რომ ომის დასრულების შემდეგ მსგავსი ტექნიკა ყველას სჭირდებოდა. მართალია, 1940-იანი წლების ბოლოს ტრაქტორების წარმოებაზე რამდენიმე მსხვილი კომპანია, მათ შორის FIAT, Landini და Motomeccanica ზრუნავდა, მაგრამ მათი ტექნიკა სწრაფად გამოდიოდა მწყობრიდან, შეკეთება კი, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. სწორედ მსხვილ კომპანიებთან კონკურირება გადაწყვიტა ლამბორგინიმ, როცა 1947 წელს 2-მილიონიანი კაპიტალით, მეგობარ მექანიკოსთან ერთად კომპანია Lamborghini Carassiti Monti Guazzaloca დააარსა და იაფად შეძენილი უსარგებლო სამხედრო ტექნიკის ნაწილების გამოყენებით ერთ თვეში ააწყო პირველი ტრაქტორი.
წარმოება ლამბორგინიმ მამის წყალობით გააფართოვა, რომელიც 10-მილიონიანი კრედიტის მიღებაში დაეხმარა. ფერუჩომ რამდენიმე ათეული ბენზინის ძრავა შეიძინა და ტრაქტორის ახალი მოდელი Lamborghini Trarroti გამოუშვა, რომელზეც პირველად გამოჩნდა მისი ემბლემა - სამკუთხედი ცენტრიდან კუთხეებისკენ მიმართული სხივებითა და ინიციალებით F, L, C, რაც Ferruccio Lamborghini Cento-ს ნიშნავდა.
სამუშაოსგან თავისუფალ დროს ფერუჩო Fiat Topolino-ს მოდელის გაუმჯობესებას ცდილობდა, რომელიც პირველად 1948 წელს, აპრილის თვეში გამართულ ავტორბოლაზე Mille Miglia-ზე წარადგინა. პრესტიჟულ რალიში ლამბორგინი მეგობართან ერთად მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ 700 მილის დაძლევა შეძლო, რადგან დიდი სიჩქარით გაქანებული ავტომობილი გზიდან გადავიდა და პირდაპირ რესტორნის კედელს დაეჯახა. მართალია, არავინ დაშავებულა, მაგრამ გვარიანად შეშინებულმა ლამბორგინიმ, რომელმაც წინ დღით იქორწინა მეორედ, სამუდამოდ მოიძულა ავტორბოლა.
1940-იანი წლების ბოლოს ლამბორგინის კომპანია, რომელსაც მხოლოდ 30 თანამშრომელი ჰყავდა, საშუალოდ 200 ტრაქტორს უშვებდა წელიწადში, რამაც ფერუჩოს კომპანიის გაფართოება და წარმოების გაზრდა გადააწყვეტინა. 1950 წელს ლამბორგინიმ დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა და პირველი სრულფასოვანი ქარხანა ააშენა, რომელმაც 7 წლის შემდეგ სრულიად ახალი მოდელი Lamborghinetta გამოუშვა. 22 ცხენის ძალის სიმძლავრის ტრაქტორი 2-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, მასა კი წინამორბედებზე ორჯერ ნაკლებს, მხოლოდ 1 ტონას შეადგენდა, რაც უდავოდ მის უპირატესობად ჩაითვალა.
მართალია, ლამბორგინი მხოლოდ ტრაქტორებს აწარმოებდა, მაგრამ მის ავტოფარეხში თითქმის ყველა მოდელის მოძიება შეიძლებოდა - Alfa Romeo-თი და Fiat Topolino-თი დაწყებული, რომელსაც ხუმრობით „მიკი მაუსს“ უწოდებდა, ჯეიმს ბონდის Aston Martin-ითა და Ferrari-თ დასრულებული, რომელსაც შეჭიდულობას უწუნებდა. მართალია, რამდენიმე დეტალის შეცვლისა და მოდელის სრულყოფის შემდეგ ფერუჩომ Ferrari-ის პილოტებიც კი აღაფრთოვანა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ სხვა მარკის ავტომობილების გადაკეთება მისი საქმე არ იყო და საკუთარი ავტოკომპანიის შექმნა გადაწყვიტა.
1962 წელს, ესპანეთში მოგზაურობისას ფერუჩო ედუარდ მიურას ცნობილ ხარსაშენსაც ეწვია და თავადაც კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ისე მოიხიბლა ცხოველის დიდებულებით, რომ მომავალი კომპანიის სიმბოლოდ სწორედ ხარი აქცია. აღსანიშნავია, რომ Lamborghini-ის თანამედროვე ემბლემა - მებრძოლი ხარი თავდასხმის პოზაში, რომლის დიზაინი პაოლო რამბალდიმ შეიმუშავა, თავიდან ძველ სამკუთხედსა და ინიციალებთან ერთად დაიტანებოდა, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ ოქროსფერი ხარი დარჩა შავ ფონზე.
საავტომობილო ქარხნის მშენებლობა ლამბორგინიმ 1963 წელს დაიწყო ბოლონიასთან ახლოს, პატარა ქალაქ სანტ-აგატაში, თუმცა პირველი მოდელი მაინც ტრაქტორების ქარხანაში ააწყო Ferrari-ის ყოფილ კონსტრუქტორთან ჯოტო ბიცარინისთან და ავტოდიზაინერთან ფრანკო სკალიონისთან ერთად.
მართალია, ტურინის გამოფენაზე წარდგენილ ავტომობილს უამრავი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისმა ნოვატორულმა დიზაინმა მაინც ყველა გააოცა, რადგან უჩვეულო ფარები, წაწვეტებული ცხვირი და ზოლი წინა ნაწილზე, რომელიც თითქოს შუაზე ყოფდა ავტომობილს, შეგნებულად არღვევდა მანამდე არსებულ ყველა სტანდარტს. რა თქმა უნდა, მსგავსი სითამამე ბევრმა ბრიყვობად ჩაუთვალა ლამბორგინის და ფინანსური კრახი უწინასწარმეტყველა, თუმცა მეტად ამბიციური დიზაინის მოდელი მაინც საინტერესო სიახლედ იქცა საავტომობილო ბაზარზე.
1964 წლის მარტის თვეში ფერუჩომ მნიშვნელოვნად სახეცვლილი მოდელი წარუდგინა პუბლიკას, რომელმაც მხოლოდ ძრავა შეინარჩუნა წინამორბედისგან, თუმცა სწორედ ახალი ავტომობილი იქცა ლამბორგინის ასრულებული ოცნების განსახიერებად, რომლის სერიული წარმოება, ორი თვის შემდეგ დაიწყო ახლად გახსნილ ქარხანაში.
საავტომობილო სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად, ლამბორგინიმ ბრწყინვალე გუნდი შეკრიბა, რომლის წევრებმა მეტწილად ფერარის კომპანიაში შეიძინეს გამოცდილება.
1965 წლის დასაწყისში Ford GT40-ით შთაგონებულმა ჯან პაოლო დალარამ, რომელსაც მოგვიანებით ბობ უოლესი და პაოლო სტანცინი შეუერთდნენ, ახალი მოდელის კონცეფცია შეიმუშავა და პრაქტიკულად ფერუჩოსგან ფარულად შექმნა ნამდვილი შედევრი, რომელიც მხოლოდ სრულად აწყობის შემდეგ წარუდგინა ლამბორგინის. 1966 წელს, ჟენევის გამოფენაზე წარსადგენ ავტომობილს ლამბორგინიმ Miura უწოდა ძველი მეგობრის პატივსაცემად და სწორედ მაშინ დაუდო საფუძველი კორიდასა და მებრძოლ ხარებთან დაკავშირებული ტერმინების მიხედვით მოდელებისთვის სახელების შერჩევის ტრადიციას.
ჟენევის ტრიუმფატორმა Miura-მ მოგვიანებით მონაკოს გრან-პრიზე მოიწონა თავი. მართალია, ძრავის გამო, რომელიც პირდაპირ მძღოლის უკან იყო მოთავსებული, მოდელი ნაკლებად კომფორტულად ჩაითვალა, მაგრამ მაინც უამრავი მყიდველი გამოუჩნდა, რამაც მხოლოდ რამდენიმე წლით ადრე გახსნილ ქარხანას სრული დატვირთვით მუშაობა აიძულა.
1970 წელს ლამბორგინი ახალი მოდელის დამუშავებას შეუდგა, რომელსაც Countach უწოდა და ერთი წლის შემდეგ Miura-ს ფინალურ ვერსიასთან ერთად ისევ ჟენევის გამოფენაზე წარადგინა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად სახეცვლილი Miura ბევრად კომფორტულად გამოიყურებოდა, თუმცა აღიარება მაინც ახალმა მოდელმა მოიპოვა. მეტიც, სისწრაფის, სიმძლავრისა და უჩვეულო დიზაინის, განსაკუთრებით ნოვატორული ე.წ. მაკრატელა კარებების წყალობით Countach 1970-იანი წლების პირველი ნახევრის ჰიტად, Lamborghini კი, ანგარიშგასაწევ საავტომობილო მარკად იქცა.
საავტომობილო ბიზნესის წარმატების მიუხედავად, სერიოზული პრობლემები შეექმნა ლამბორგინის სატრაქტორო კომპანიას. მართალია, 1960-იანი წლების ბოლოს ფერუჩომ სოლიდური კონტრაქტი გააფორმა ბოლივიის ხელისუფლებასთან, მაგრამ 1970 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ახალმა მთავრობამ უარი თქვა იტალიურ ტექნიკაზე, რასაც მოგვიანებით სამხრეთაფრიკელი დამკვეთებისგან მსხვილი პარტიის გაუქმებაც დაემატა. ფინანსური კრიზისი ლამბორგინის ბიზნესის ყველა სფეროს შეეხო, რამაც საავტომობილო კომპანიის აქციების ჯერ 51 პროცენტის, 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ კი, დარჩენილი 49 პროცენტის გაყიდვა აიძულა. დაემშვიდობა ფერუჩო ტრაქტორების კომპანიასაც, რომელიც მთავარ კონკურენტთან SAME DEUTZ-FAHR group-თან დათმო.
1974 წელს ლამბორგინიმ უმბრიაში, ტრანზიმენოს ტბასთან ახლოს 740 აკრის მიწის ნაკვეთი შეიძინა უძრავ ქონებასთან ერთად, რომელსაც La Fiorita უწოდა. თავიდან მდიდრულ ვილაზე ფერუჩო მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის აწყობდა წვეულებებს, თუმცა მოგვიანებით მორიგი გრანდიოზული პროექტი წამოიწყო, ვაზი გააშენა და ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს არა მხოლოდ იტალიის, არამედ მთელი ევროპული ბაზრის ფავორიტად იქცა. თუმცა, მოუქანცავი ბიზნესმენი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და საკუთარ მამულში სოლიდური ინფრასტრუქტურა გამართა გოლფის ტურნირების მოსაწყობად. მანვე შექმნა გოლფის კომპაქტური ავტომობილი და ექსკლუზიური მოდელი რომის პაპისთვის იოანე პავლე მეორისთვის.
ფერუჩო ლამბორგენი 1993 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა გულის შეტევით, მისმა მემკვიდრეებმა კი, წარმატებით გამოიყენეს მამის სახელი და სხვადასხვა სფეროში გააგრძელეს საქმიანობა. უფროსი შვილი Tonino Lamborghini-ის ბრენდით ქმნის ტანსაცმლის, აქსესუარების კოლექციებს და ელექტრომობილებს ე.წ. Town Life-ის პროექტის ფარგლებში, ქალიშვილი კი ღვინის წარმოებით აგრძელებს მამის საქმეს. მეტიც, 1995 წელს პატრისიამ უზარმაზარი მუზეუმი Centro Studi e Ricerche Ferruccio Lamborghini გახსნა ბოლონიაში, სადაც მამის ყველა წარმატებულ წამოწყებას მოუყარა თავი.