მოგიწოდებთ დავიწყოთ საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.
„ჩვენი შვილების გულწრფელ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის არავინ უნდა უყუროს გულხელდაკრეფილმა! დღეს ამ ბრძოლის წაგება იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული მარცხი და ათწლეულებით უკან გადაგდება!
ეს არის საბჭოთა კავშირში და ოკუპანტის წიაღში სრული დაბრუნება.
ეს ბრძოლა არის საერთო-სახალხო და ეროვნული, რადგან ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მომავალს!„ქართული ოცნება“ ცდილობს პასუხისმგებლობა ნებისმიერ მის მიერ მოწყობილ, ან პროვოცირებულ არეულობაზე დააკისროს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს.
ამიტომ, მოგიწოდებთ დავიწყოთ საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სოფელში, ქალაქში გამოვაცხადოთ ბოიკოტი, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო სამსახურებში, ყველგან გარდა იმ უწყებებისა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის.
მხოლოდ ასეთი ერთობა და სულისკვეთება მიგვიყვანს საერთო ეროვნულ გამარჯვებამდე!მოთხოვნა ერთია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანოს მიღებული კანონი უკან!!
ეს ბრძოლა არაა მხოლოდ ჩვენი შვილების, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.