მე ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, რომ კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მისი მისამართით ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებას, რომ "ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მის მიერ მომიტინგეების მიმართ გაკეთებული მოწოდება, რომ პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იყო გავლილი და შეთანხმებული. „დარბევა დაიწყეს მათ და მე, ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, რომ კარგად გაიაზრეთ, როცა განცხადებებს აკეთებთ, ასეთ უსამართლო განცხადებებს. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს და ნუ გვაქვს ხოლმე ეს, რაღაცა უეცარი აღტყინება. არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ. ყველამ კარგად გავიაზროთ, ეს მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, რომ კანონი უკან იქნას გაწვეული, ეს მოთხოვნა არის დღესაც. შეხედეთ, ხალხი აქ დგას. რატომ ესვრიან ამ ხალხს ცრემლსადენ გაზს, რატომ იყენებენ ძალას? აი, ამაზე უნდა იყოს პასუხი, რაც უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას. ჩვენ ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე რაც გავაჟღერე, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იყო გავლილი და ყველასთან შეთანხმებული. ეს იყო საერთო პოზიცია და მას დაუჭირა ხალხმა მხარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ფორმულასთან“.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, პარლამენტის შენობა ალყაში მოექციათ, „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა, კანონიერია“, -დაწერა ლომჯარიამ.