რუსთაველის გამზირზე მოვლენები გუშინ საღამოს სწრაფად განვითარდა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების მწვავე პროტესტი მოჰყვა, რასაც სამართალდამცველებმა სპეცრაზმის გამოყვანით უპასუხეს. სპეციალური დანიშნულების ძალებმა ხალხის ნაკადის უკან დახევა მოახერხეს, თუმცა, პროტესტი მაინც არ შეწყვეტილა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები - წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რასაც ხალხის გაღიზიანება მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან არსებული ჯებირები გაარღვია და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლა სცადა, რასაც რუსთაველზე სპეცრაზმის ხელახალი მობილიზება და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოჰყვა. დაშავებულ მოქალაქეებსა და პოლიციის თანამშრომლებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები ადგილზეც უწევდნენ დახმარებას, თუმცა, რამდენიმე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. რუსთაველის გამზირზე მთელი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები. მათ უწყვეტი საპროტესტო აქციები და ბოლომდე ბრძოლა დააანონსეს.