მოულოდნელად ჩანიშნული განხილვა და სიტყვიერი დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში - უკვე 3 საათია ე.წ აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტების სასესიო განხილვა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში მსხდომ მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებს საგანგებო განცხადებით მიმართეს და განხილვის მოულოდნელად ჩანიშვნას ოცნების მორიგი ეშმაკური ხრიკი უწოდეს. ოპოზიციის საპასუხოდ "ხალხის ძალის" წევრებმა ოპონენტებს წარსული შეახსენეს და ისევ გაიმეორეს რომ ბრალდება თითქოს კანონპროექტები რუსულია, დეზინფორმაციაა. საპარლამენტო უმრავლესობა უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტების მიღებას დღეს პირველი მოსმენით აპირებს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.