მე მინდა, მადლობა გადავუხადო გურამ მაჭარაშვილს, რომელიც არის „ქართული ოცნების“ "ტროას ცხენი" და ამით დაიწყება „ქართული ოცნების“ დამარცხება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.
თეონა აქუბარდიას შეფასებით, ამ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა და მისი მიღება იქნება იმ გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნისთვის გადავლა, რომლებიც სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
„მე ამის გარანტიას გაძლევთ, რომ სწორედ ეს იქნება მთავარი პროცესი, რის გამოც „ქართული ოცნება“ ვეღარ გააგრძელებს ძალაუფლების შენარჩუნებას და ამისთვის თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი მადლობას გადაგიხდით. ამიტომ, დიახ, მადლობა საბოლოო ლუსტრაციისთვის, იმისთვის, რომ გამოავლინეთ, საბოლოო ჯამში, რად გიღირთ ძალაუფლება და ეს საფასური არის სწორედ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა. გინდა ღალატი დაუძახეთ ამას, გინდა სხვა რამე, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ სვლა. მე შეგახსენებთ თუ რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და იმ არჩევანს, რასაც მოსახლეობა აკეთებს და არა „ქართული ოცნება“. მე გეტყვით, რომ თქვენ ყველა დაღუპული ადამიანის ხსოვნას გადაუარეთ ამ კანონის პარლამენტში გამოტანით და მე გეტყვით, რომ თქვენ მიდიხართ ყველაფერი იმის წინააღმდეგ, თუ რამე იყო აქამდე საქართველოსთვის ძვირფასი. ცივილიზაციური არჩევანია ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამბობთ, რომ ასეთი ევროპა არ გინდათ, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და თქვენ ქართველი ხალხი აუცილებლად გაჩვენებთ თუ სად დგას ხალხის ინტერესები და სად დგახართ თქვენ“,- განაცხადა აქუბარდიამ.