უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი და არაპროვოოცირებული ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოში გაიზარდა ევროკავშირიდან იმპორტი, ხოლო ქვეყნიდან რუსეთში რეექსპორტი რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. არაერთგზის გაჟღერებული ბრალდებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არანაირ პარალელურ იმპორტში ქვეყანა არ მონაწილეობს, თუმცა, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ეჭვობენ, რომ რუსეთი ევროპიდან იმპორტს, სწორედ მეზობელი ქვეყნების გავლით ახორციელებს. ამის მიზეზად კი, რეგიონის სახელმწიფოებში ექსპორტის მკვეთრ ზრდას ასახელებენ.
თუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომი და წინა წლის ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს გადავხედავთ, საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტი 623 მლნ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის მარტი-დეკემბერში ქვეყანაში ევროზონიდან 2 მილიარდ 671 მლნ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლრდ 48 მლნ-ის. ამის პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მარტი-დეკემბერში ქვეყნიდან რუსეთში 102 მილიონ 773 ათასი დოლარის პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 49 მილიონი დოლარი იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა და ამ კუთხით თურქეთი ჩაანაცვლა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 105.7%-ით გაზარდა. იანვარში რუსეთში 87 785 800 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 42 მილიონ 684 ათასი დოლარი იყო.
ე.წ. ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის მარტი-დეკემბერში, საქართველოში ევროზონიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა და შემდეგ რეექსპორტით რუსეთში გავიდა: ესენია, მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ტრაქტორები და უნაგირა საწევრები, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად და სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები.