საქართველოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გარდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სხვა, უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ. წინა გადაცემებში ჩვენ გაგაცანით ინფორმაცია იმის შესახებ თუ რუსეთის რამდენი მოქალაქის მიმართ დაიწყო საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ ინფორმაციით პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერესდა და მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან გავიგეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა რუსეთის 247 მოქალაქის მიმართ აღძრეს საქმე.
ახლა კი კანონმდებლების ინტერესი გახდა, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიეღო. ამჯერად კითხვის ავტორი, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძეა, რომლის კითხვის პასუხად, იუსტიციის საინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 860 მოქალაქემ მოითხოვა. აქედან დაკმაყოფილდა 3 297 განცხადება. თუმცა, აქვეა განმარტებული, რომ დაკმაყოფილებული განაცხადებიდან 1 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.ამასთან, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით გაკეთებული 2 638 განცხადება არ დაკმაყოფილდა; 321 - განუხილველად დარჩა; 1 344 განცხადება განხილვაშია; 232 განაცხადის შემთხვევაში დასკვნა მზადდება; ხოლო 28 განაცხადის განხილვა შეჩერებულია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი უკვე დააფიქსირა რუსეთის კიდევ 473-მა მოქალაქემ.