საქართველოს მიმზიდველობა კრიპტოინდუსტრუაში სულ უფრო მეტად რომ იზრდებ, ამის დასტურად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance ქართული კრიპტო გადახდის სისტემის, CityPay.io-ს პარტნიორი გახდა. გადახდის სისტემა ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს საერთაშორისო გადახდები სხვადასხვა კრიპტოვალუტაში. მომხმარებელი კი იღებს კომფორტული გადახდის პროცესს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციებზე. აღსანიშნია, რომ საქართველოში 111 კრიპტომატია, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე, გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და საფრანგეთში.
ამ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში რიგით მე-12 სახელმწიფოა. აღნიშნული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ საქართველოში, კრიპტოტექნოლოგიები პოპულარულია. ამ დრომდე, ეს სფერო საქართველოში დაურეგულირებელი იყო, რაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს აჩენს, მაგრამ 2023 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოინდუსტრიის რეგულირება დაიწყო. რეგულირება მოიცავს ციფრული აქტივების ოპერატორების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას და მათ რეგულირებას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით, მაგრამ, ამ ეტაპზე, რეგულირება არ მოიცავს პრუდენციულ ნაწილს და მომხმარებელთა უფლებებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის კონკრეტული ბუფერები და სარეზერვო ნორმები, ამ დროისთვის, გაწერილი არ არის.
ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კრიპტოინდუსტრიაში ნამდვილად არსებობს, მაგრამ საკამათო საკითხად რჩება ამ არალეგალური აქტივობების წილი საერთო ბრუნვაში. გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში $800 მილიარდიდან $2 ტრილიონამდე მოცულობის თანხა თეთრდება, რაც გლობალური მშპ-ს 5%-ს შეადგენს. გარკვეული სახელმწიფოების პოლიტიკას თუ გადავხედავთ, კრიპტოინდუსტრიის მიმართ მეტად დრაკონული კანონები არის შემოღებული.
როგორია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული პაკეტი, რომელიც, ამ ეტაპზე, პრუდენციულ მექანიზმებს და მომხმარებელთა უფლებებს არ ითვალისწინებს? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა.